Anarekli
ქართული

Poetry

3 min read

"განთიადი"

This piece has not been translated into English yet. You are reading the Georgian original.

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა...

მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოყვარეს...

მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...

“ვერ ავიტანე ობლობა,

სისხლის ცრემლები ვღვარეო;

წამძლია სულმა და გულმა,

შენს ნახვას დავეჩქარეო.

“წინ მომეგებენ ღიმილით

შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.

“გულში იფეთქა სიამემ,

სევდები უკუვყარეო, -

ია და ვარდი დამჭკნარი

ხელახლად გამიხარეო!...

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!...

“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,

ზე კალთა დამაფარეო...

და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,

ანდერძი დავიბარეო:

“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!”

Commentary

ეროვნულ გმირთა ღვაწლის უზენაოესობა, სამშობლოს გადარჩენისათვის გაწეული თავდადებული შრომა, რაინდული საქმიანობა და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა ენით აღუწერელი სიმამაცის ცხადზე უცხადესი გამოვლინებაა. ერთ-ერთი ასეთი გულადი გმირია დიმიტრი ყიფიანი. ეს უკანასკნელი გამეტებით იბრძოდა მეფის ხელისუფლების გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რის გამოც იგი სტავროპოლში გადაასახლეს და ვერაგულად (მძინარე) მოკლეს. გავრცელებული აზრის თანახმად, მე-19-20 საუკუნის ზეაღმტაცი პოეტის - აკაკი წერეთლის არაჩვეულებრივი ლექსი “განთიადი” სწორედ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას ეძღვნება.

ლექსს უდაოდ შთამბეჭდავი შესავალი აქვს. პირველ ოთხ სტროფში შევცქერით პოეტის თვალით დანახულ, მთაწმინდის ძალზე ხატოვან პეიზაჟს. დასაწყისიდანვე ცნობილი ხდება აკაკის ხედვა, მამულისა და მამულიშვილის ურთიერთსიყვარულის სიდიადისა და ფასეულობის შესახებ. იგი აღნიშნავს: “მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა…” - ამ მოკრძალებულ, თითქოსდა შეფარულად ნათქვამ “ცისკრის ვარსკვლავში” შესაძლოა ვიგულისხმოთ სახარებისეული, ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც ახარა კაცობრიობას ჩვენი მხსნელის, იესოს შობა. დასაშვებია, რომ ეს მნათობი, გმირის ხელახლა დაბადების, იმედის ჩასახვისა და საგანგებოდ ახალი დასაწყისის აღმნიშვნელი ელემენტია. “მდინარე ნანას უმღერის რაინდსა ურჩსა მტრისასა…” წერს აკაკი წერეთელი. მაშასადმე, მდინარე მტკვარი ასოცირდება დედასთან, დედა ხომ მარადიულია, მისი სიყვარული კი უსაშველოდ ძლიერი. “მთაწმინდა ჩაფიქრებულა”, “დადუმებულა” და “გულში იხუტებს” სამშობლოსთვის თავგანწირულ, ე.წ “ქვეყნის მოყვარე” ვაჟკაცს, ხოლო მამა დავითი შეწირულ გმირს ავედრებს ღმერთს, რათა სხვა უკვდავ მამულიშვილებთან ერთად დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი.

ლექსი შეგვიძლია პირობითად ორ ნაწილად გავყოთ. პირველ ნაწილში გამოიკვეთება უშუალოდ პოეტის ხედვა და სამშობლოს დამოკიდებულება მისთვის დაღუპული რაინდისადმი, ხოლო მეორე ნაწილი სინათლეს ჰფენს ახალ ლირიკულ გმირს (ნავარაუდევია დიმიტრი ყიფიანს) და თავის მშობლიური მიწის სიყვარულით გაბრუებულ სულს. “ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო” ასე ლაკონურად, თუმცა ძალზე მრავლისმთქმელად და ხატოვნად მოიხსენიებს ის საქართველოს. ლირიკული გმირი მწარე ტკივილითა და სამშობლოს დაუსრულებული მონატრებით დაავადებული, საბოლოოდ დაუბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალს, იმის იმედით, რომ იგი განუქარვებდა სევდას, მკურნალად მოევლინებოდა მის დატანჯულ სულსა და გათელილ გულს: “გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო!..” მთავარი პერსონაჟის აზრით, სამშობლოს თავისი მზე, თავისი მთვარე და თავისივე მოკაშკაშე ვარსკვლავები ჰყავს. მშობლიური მიწა ხომ მამულიშვილისთვის ცალკე სამყაროა: მისი მიუსაფარი გულის სამოთხე და სნეული სულის წამალი. “სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო…დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო, ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!”. მთავარი პერსონაჟი ამბობს, რომ იგი სამარადისოდ ეკუთვნის სამშობლოს, ცოცხალი თუ მკვდარი. მისთვის გულზე დაყრილი მშობლიური მიწაც კი ღვთიური კურთხევაა.

აქვე ავღნიშნავ მიხეილ ჯავახიშვილის “მიწის ყივილს”, სადაც მთავარი გმირის უკანასკნელი მუდარაც, ერთადერთი ჯილდოც და ანდერძიც საყვარელ სამშობლოში დაბრუნება და იქაურ მიწა-წყალს მიბარება იყო.

მშობლიური მიწა წმინდა და მარადიულია. სამშობლოსთვის ბრძოლა, სიკვდილი და თავგანწირვა კი მხოლოდ წრფელ სიყვარულსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს შეუძლია.

Discussion

One conversation for both languages. Write in English or Georgian.