Anarekli
ქართული

Poetry

3 min read

"რაც უფრო შორს ხარ"

This piece has not been translated into English yet. You are reading the Georgian original.

რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,ხელუხლებელი როგორც მზის სხივი,მიუწვდომელი როგორც ედემი.

და თუ არახარ მე ვისაც ვფიქრობ,მე დღეს არ ვნანობ, დაე, ვცდებოდე,ავადმყოფ გულს სურს,რომ მას თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,ოღონდ მჯეროდეს, მე ჩემი ბოდვა.და სიყვარულის დღესასწაული.

Commentary

“რაც უფრო შორს ხარ” გალაკტიონ ტაბიძის საოცარი სიფაქიზით, სისპეტაკითა და ჰარმონიული მღელვარებით შეთხზული შემოქმედების ნაყოფია. გალაკტიონ ტაბიძე მე-20 საუკუნის ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მან იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. გალაკტიონის ლექსებმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმისა და ფერის გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს.

ბუნებრივია, რომ შეყვარებული ადამიანი თავს ყველაზე უკეთ თავის ტრფობის ობიექტთან გრძნობს: საყვარელ ადამიანთან სიახლოვისას ეუფლება უკვდავებისა და მარადიულობის გრძნობა, მის გვერდით ყოფნისას განიცდის ეიფორიას, მასთან ერთად სამყაროს ე.წ. “ვარდისფერი სათვალეებით” შეჰყურებს… გალაკტიონის ამ ლექსის პირველი ტაეპი კი თითქოს პარადოქსულად გაისმის: “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!”. ამ სიტყვების გაჟღერება მსმენლის გაკვირვებასა და ერთგვარ დაბნევასაც კი გამოიწვევს, თუმცაღა ლექსის შემდგომი სტრიქონები ხსნის შეცბუნების კვანძს: “მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”. მაშასადმე, პოეტს ის სანუკვარი, განუხორციელებელი ოცნება უყვარს, რომელსაც თავისი სატრფოს შორს ყოფნის დროს ფრთას ასხამს, ამაღლებს და სრულყოფილებად აქცევს.

“ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი” წერს გალაკტიონი. ამგვარი საოცარი შედარება გვაფიქრებინებს, თუ რამდენად იდეალური, უმანკო და სპეტაკია პოეტის წარმოსახვის ნაყოფი - მზის სხივსავით მიუწვდომელი, სითბოს მომტანი და უმწიკვლო, ედემივით (სამოთხესავით) ნეტარი, წმინდა და ხორციელი სამყაროს საზღვრებს გაცდენილი ოცნება.

“და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!” - ამბობს ლირიკული გმირი. აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პოეტისთვის არ არის მნიშვნელოვანი მისი ოცნების ქალი თავისი იდეალების ზუსტი განსხეულებაა თუ არა. მისთვის ანგარიშგასაწევი საკუთარი წარმოსახვის ფანქრით დახატული და ფიქრების ფუნჯით შეფერადებული ფრთაშესხმული ოცნებაა. “ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე” - იუწყება მთავარი გმირი. მაშასადმე მისი სიყვარულით დამწვარ-გათანგული გულის ერთადერთი სურვილი ანგელოზივით უმანკო, წმინდა და გამორჩეული სატრფოს ნაირფერ ოცნებებში ხილვაა.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ლირიკულ გმირს სურს “დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული”. იგი გამოთქვამს წადილს, რომ სანუკვარი, თუნდაც განუხორციელებელი სიყვარულის განცდა ბოლო წუთამდე შეეძლოს. “ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული”. სიყვარული დღესასწაულია, სწორედ ამგვარი მოტივი გამოსჭვივის გალაკტიონის შემოქმედებაში.

პარალელისათვის შესაძლოა მოვიხმოთ გამორჩეული მწერლის ნიკოლოზ ბარათაშვილის არაჩვეულებრივი ლექსი “საყურე”, სადაც პოეტი იმავე სპეტაკი, წმინდა და ნაზი სიყვარულით, შორიდან ეტრფის თავის რჩეულს. ქალის საყურის ნელ რხევას, უმშვენიერეს, პაწაწინა თეთრ ყვავილთან მიახლოებულ პეპლის ფრთხების რხევას ადარებს, ამაღლებს და აიდეალებს მას.

“რაც უფრო შორს ხარ” საოცარი სინაზითა და დადებითი ენერგეტიკითაა დამუხტული, რაც მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

Discussion

One conversation for both languages. Write in English or Georgian.