2 წუთი
"მე ვხედავ მზეს" ნოდარ დუმბაძე
ანალიზი
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე, ნოდარ დუმბაძის ხატოვანი, თუმცაღა იოლად გამოსარჩევი წერის მანერა, გაჟღენთილი ლაღი იუმორით, წმინდა სიყვარულითა და უდიდესი ჰუმანიზმის გრძნობით, უამრავ ადამიანს იზიდავს. “მე ვხედავ მზეს” მწერლის რიგით მეორე რომანია. ეს გულისამაჩუყებელი ნაწარმოები უთუოდ ყველა მკითხველის გულში დაანთებს სიკეთის ალს, დაანახებს ქვეყნიერების მანკიერ და წრფელ მხარეს, აავსებს მის სულსა და გონებას უდიდესი სიხარულითა და სევდით, იმედითა და ნაღველით.
მოქმედება ვითარდება დიდი სამამულო ომის დროს, გურიის ერთ პატარა სოფელში. თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. მთავარი პერსონაჟები ფიცხი სოსოია და სანდომიანი, უსინათლო გოგონა - ხატია გახლავან. წიგნი აგვიღწერს მოზარდის თვალით დანახულ სამყაროს: გულის გამაწვრილებელი შიში და ძრწოლა, უდიდესი სიკეთე, ხანმოკლე, თუმცა დაუვიწყარი სიხარული, ილაჯის გამწყვეტი სევდა, მუდმივი გვერდში დგომა, დიადი სიყვარული, დაუსრულებელი შფოთვა, ბრაზი და სიძულვილი… ეს ხომ ცხოვრების თანმდევი მოვლენებია. ომის დაწყებისას, მრავალი გაუგებრობის თუ წყენის მიუხედავად, მთელი სოფელი ერთიანდება და სწორედ ეს ერთი მუჭა ხალხი წარმოადგენს ერთმანეთის იმედსა და მაცოცხლებელ წყაროს გაჭირვების ჟამს. ზემოაღნიშნული კი ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ოდითგანვე არსებულ, ჩინებულ თვისებებს: ერთგულებას, პატიოსნებასა და სიმამაცეს. “ვუცქერდი ჩვენი სოფლის გორაკზე მიწებებული ერთი მტკაველა ნაკაფიდან, - რომელიც უზარმაზარ კედლებში ჩატანებულ ვიწრო ფანჯარას ჰგავდა, ამ დაუსრულებელ სიცოცხლეს, და ვხედავდი, რომ ეს ცოცხალი მიწა ჩემს გასახედზე არ მთავრდებოდა, რომ იგი იმის იქით კიდევ იწყებოდა, მერე ისევ, მერე ისევ და ასე დაუსრულებლად, მე ვხედავდი მზეს, რომელიც ოქროს ჯიღასავით ადგა ამ ქვეყანას და ვხვდებოდი, რომ არავის სისხლი არ ეყოფოდა, ძალა არ ეყოფოდა, სიცოცხლე არ ეყოფოდა, რომ ეს მიწა, ზღვა და მდინარე დაელია.” - ამბობს სოსოია.
ნაწარმოები რადიკალურად განსხვავებული თვისებების მქონე პერსონაჟებითაა დახუნძლული, რომელთაც ცხოვრებამ ერთი ბედი არგუნა. აქ ვხვდებით დათიკო ბრიგადირის სიმხდალეს და პირქუშობას, ანატოლის მიზანდასახულობას, ბეჟანას სილაღეს და სიმამაცეს, შვილდაკარგული მეზობლების გულჩათხრობილობას, მამიდას მხნეობას და გამძლეობას, ხატიას იმედიანობასა და მადლიერებას, სოსოიას ერთგულებას და სხვ.
წიგნის დასასრულს, ხატიას სიცოხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მას დათიკო ბრიგადირი გადაარჩენს. ამის მიუხედავად, დათიკოს მეზობლები ზურგს აქცევენ და სამუდამოდ გარიყავენ. საბოლოოდ, ომი სრულდება, ოჯახები შენდება, სოსოია და ხატია კი განუყრელნი რჩებიან.