ანარეკლი
English

პროზა

3 წუთი

"სამი მეგობარი" ერიხ მარია რემარკი

შინაარსი, ანალიზი

ქართული English

სევდიანი იუმორით, მომნუსხველი მწერლობითა და გულისამაჩუყებელი ემოციებით შეკაზმული “სამი მეგობარი” ერიხ მარია რემარკის კალამს ეკუთვნის. ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები მოგვითხრობს სამ ერთმანეთის ერთგულ, განუყრელ პიროვნებაზე (რობერტ ლოკამპი, გოტფრიდ ლენცი და ოტო კიოსტერი), რომელთა უწყინარ, უკონფლიქტო, და მაინც, ერთფეროვან, თითქოსდა უმიზნო ცხოვრებას სახელოსნოში მუშაობა და თავების დღიდან დღემდე გატანა წარმოადგენს. მოქმედება ვითარდება 1920-იანი წლების ორ მსოფლიო ომს შორის მომწყვდეულ, აჩოჩქოლებულ გერმანიაში. რემარკი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის გასაოცარ უნარს, ჩინებულად დახატოს იმდროინდელი რეალობა, კომბინირებული პირქუში მწუხრითა და პატარ-პატარა სიხარულებით, უმუშევრობითა და ინფლაციით, ქუჩებში გამართული თავყრილობებითა და სასტიკი დარბევებით, სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიითა და ყოვლისმომცველი მელანქოლიით.

თხრობა იწყება მთავარი პერსონაჟის, რობერტის ემოციების აღწერით საკუთარი დაბადების 30-ე წლის თავზე. ამ უკანასკნელს თითქოსდა თავზე მუქი, წარბებშეკრული ღრუბელი დასტრიალებდა - იგი ნაღვლის უმოწყალო მორევს ჩაეთრია. რობის უჭირდა თავისი ცხოვრების 30 წლის განმავლობაში მომხდარი რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის გახსენება. მოგონებების ტალღიდან ამოტივტივებულს თვალწინ მხოლოდ და მხოლოდ ომის საზარელი სურათები ეფინებოდა. მისმა გულითადმა მეგობრებმა, საქმიანმა, ჩამოყალიბებულმა პიროვნებამ - ოტომ, და თავმომწონე, “პოეტური სულის” მატარებელმა - ლენცმა, ამხანაგის დაღვრემილობა შენიშნეს და მისი გუნების გამოსწორების მიზნით დაბადების დღის აღსანიშნავად რესტორანში წაიყვანეს. თითქოსდა მათი ძალისხმევა დააფასაო, განგებამ იუბილარს, მართლაც რომ, დიდებული საჩუქარი გაუკეთა. რობი სწორედ აქ შეხვდა თავის ნამდვილ სიყვარულს, იმედის მოციაგე ნაპერწკალს და მაცოცხლებელ წყაროს - პატრის ჰოლმანს. სამი მეგობრის მოსაწყენ ყოფასა და მონოტონურ ცხოვრებას ბოლოს და ბოლოს საზრისი მიეცა: ახლა მათ გააჩნდათ ძვირფასი განძი, რომელიც უნდა დაეცვათ, სათუთი ყვავილი, რომელზედაც უნდა ეზრუნათ და იდეალი, რომლისთვისაც უნდა ეარსებათ. ამის შემდეგ გოგონას ოფიციალურად ენიჭება “მეგობრის” სტატუსი.

ამიერიდან, ახალგაზრდები ჩინებულად ერთობიან: ოტოს კუთვნილი სარბოლო მანქანით - კარლით, სტუმრობენ გასართობ პარკებს, რესტორნებს, კაფე-ბარებს… ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით (ძველი კადილაკის შეკეთება და გაყიდვა), ბიჭები დიდძალ თანხას შოულობენ და შესანიშნავ მიზანს ახმარენ - რობს პატთან ერთად დასასვენებლად აგზავნიან იქ, სადაც წარმტაცი ბუნების მწვანე და მომნუსხველი ზღვის ლაჟვარდი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. სამწუხაროდ, ოქროსფერი მზის გამათბობელ სხივებს კუშტი, პირქუში, ჭექა-ქუხილიანი ცა გადაფარავს და ხანმოკლე ზღაპარიც დავიწყებას მიეცემა, როდესაც პატი ლოგინად ჩავარდება. აღმოჩნდება, რომ მას ფილტვების ძალზე იშვიათი, მკურნალობას დაუქვემდებარებელი დაავადება სჭირს. თურმე, ყმაწვილი ქალი დიდხანს ცდილობდა ამის დამალვას, მწუხრის სქელი ჯანღის უგულებელყოფას, ცისქვეშეთის ყოველ კუთხე-კუნჭულში მადლიერების ღირსი საგნების შენიშვნასა და არა არსებობას, არამედ ცხოვრებას, თუმცა, სამწუხაროდ, მძვინვარე დაავადებამ მას ოცნებები დაუმსხვრია და კვლავ მოაქცია თავის ბასრ კლანჭებქვეშ. ერთ დაბრკოლებას მეორე დაემატა და საბოლოოდ, რობი, შინაგანი ომის მიუხედავად მორალურ დაცემასა და თავის ხელში აყვანას შორის, იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა და პატი სანატორიუმში გაეგზავნა.

არაჩვეულებრივი წყვილის ამაღელვებელი განშორების აღწერის პარალელურად, ავტორი განაგრძობს აფორიაქებული გერმანიის სურათის დახატვას. როგორც წესი, პოლიტიკურ თავყრილობებს თან ახლდა არევ-დარევა და გაჩანაგება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთი შეკრება საბედისწერო აღმოჩნდა გოტფრიდისათვის. (აღსანიშნავია, რომ ალფონსი, სამი მეგობრის საყვარელი ბარის მეპატრონე, ერთი შეხედვით მტკიცე, ზორბა და შეუდრეკელი კაცი, თუმცა რეალურად გულჩვილი და ძალზე ფაქიზი პიროვნება, არც ლენცის მკვლელს დატოვებს ცოცხალს). ამრიგად, ოტოსა და რობის კიდევ ერთხელ მოუხდათ ტრაგიზმის მბოჭავი ტალღებიდან თავების გათავისუფლება და მთელი ყურადღების პატზე გადატანა. თუმცა იმედს უკვე დიდი ხანია ფრთები შეესხა და თვალუწვდენელ მანძილზე დაფრინავდა, ბედნიერების ახლად გაფურჩქნულ ყვავილს კი ფოთლები დასცვივდა, დაჭკნა, დაპატარავდა და ბალახის შეუხედავ ყუნწად იქცა. სანუკვარი ოცნებები წარსულს ჩაჰბარდა… პატთან ერთად გატარებულ უკანასკნელ დღეებში რობი ყველა ძალ-ღონეს ხმარობდა, რომ დამსხვრეული იმედის გემი წინანდებურად ემართა, და უბედურების ზღვაში ღუზა არ ჩაეშვა, მაგრამ, არაფერი გამოვიდა. პატი დღითიდღე იცლებოდა სიცოცხლისაგან, თითქოსდა მისი სუსტი, უმწეო სხეული გარდაუვალი სიკვდილის აჩრდილს ჩაეკრა გულში. გამთენიისას იგი რობის მკლავებში გარდაიცვალა.

“სამი მეგობარი” სენტიმენტალური ნაწარმოებია, რომელიც ასახავს ადამიანის სულის სიდიადეს და შინაგან წყურვილს, არამხოლოდ გადარჩეს, არამედ იცხოვროს, იგრძნოს და გამოსცადოს; რემარკი თვალსაჩინოდ გვიხატავს ე.წ. აიწონა-დაიწონას, განკუთვნილს ცხოვრებისეულ ტრაგიზმსა და ხანმოკლე, თუმცა ზღაპრული და ჰარმონიული ნეტარებისათვის. ეს შესანიშნავი რომანია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ კლასიკის მოყვარულებმა.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.