ანარეკლი
English

პროზა

3 წუთი

"1984" ჯორჯ ორუელი

შინაარსი, ანალიზი

ქართული English

"1984" ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დისტოპიური ნაწარმოებია, რომელიც მიმოიხილავს სასტიკი და არაჰუმანური პოლიტიკური რეჟიმის მიერ ადამიანთა გონების ნაწილებად დაფლეთას (შემდეგ კი ისევ შეერთებას დამფლეთის ნებით არჩეული ყალიბით), შიშზე დაყრდნობილი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას, გამუდმებულ თვალთვალს, აზრების კონტროლს, ადამიანების სულიერების მანამ წახდენას, სანამ მათგან ცარიელი, საღი აზრისგან დაცლილი ფიტულებიღა დარჩება. პარტიის მამოძრავებელი ძალაც სწორედ ამაღლებული გრძნობების, ადამიანური ემოციების, ბუნებრივი ინსტინქტებისა და თვალის ამხელელი ფიქრების განადგურება გახლდათ.

წიგნის პროტაგონისტი უინსტონ სმიტია - გარე პარტიის წევრი, თუმცაღა შინაგანი მეამბოხე და ხალხის მწირი ცნობიერების, ინსტინქტებით მართულ ჯოგს გამოყოფილი პიროვნება. უინსტონი უპირისპირდება საზოგადოებას, რომელიც არ არის ზიარებული ბუნების, ზეცისა და, ზოგადად, სიცოცხლის დიდებულებას, სულიერების მარადიულობას, მისი თითოეული წევრი მოკლებულია სამყაროს შეცნობისა და თავისი ინდივიდუალიზმის გამომჟღავნების უნარს. ყველა ერთპიროვნულად ეთაყვანება ე.წ “დიდ ძმას” (კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ პიროვნების რეალურად არსებობა-არ არსებობის საკითხი). სამსახურში სმიტს ევალება ფაქტების ფალსიფიცირება, პარტიის მოჩვენებითი კეთილმოსურნეობისა და გულმოწყალების წარმოჩენა და, არსებითად, ისტორიის გადაწერა.

მთავარი პერსონაჟის მეამბოხე ბუნების აშკარა გაცხადება იმ მომენტიდან იწყება, როდესაც იგი თავის უჩუმრად შეძენილ დღიურში მოჯანყე აზრების, უსიამო მოგონებებისა და მის გულში სუსტად მოციაგე იმედის ნაპერწკლის ჩაქსოვას დაიწყებს. ამას ემატება მისი თანამშრომელ ქალთან, ჯულიასთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყება. ეს უკანასკნელი იზიარებს უინსტონის შეხედულებებს პარტიის გახრწნილობასა და ბარბაროსული პოლიტიკური მმართველობის შესახებ. წყვილი მალულად იქირავებს ოთახს პროლების კარ-მიდამოში არსებულ ძველმანების კოხტა მაღაზიის მეორე სართულზე. (პროლეტარიატად მოიხსენიებდნენ ე.წ დაბალ ფენას - ხალხის მასას, რომელსაც ადამიანებად არ თვლიდნენ, ყურადღების ღირსადაც არ აგდებდნენ. მათი ხმა, უფლებები და ცხოვრების წესი არაფრით ჩამოუვარდებოდა ცხოველებისას, და მაინც, ისინი წარმოადგენდნენ ოკეანიის ყველაზე ღირსეულ და თავისუფალ მკვიდრნს, სწორედ მათ სისხლში ჩქეფდა აჯანყებისა და პარტიაზე გამარჯვების შეუცნობელი, თუმცაღა დაუდეგარი სურვილი, მათი გული იყო ბირთვი დამოუკიდებლობის მანტიისა და ადამიანობის ქერქისათვის). მაღაზიის მფლობელი მისტერ ჩარინგტონია, რომელიც, ისევე როგორც უინსტონი, წარსულის გადმონაშთების მიმართ დიდი სიმპათიითაა აღსავსე. მომცრო ოთახში დიდებული წარსულის მომნუსხავი ატმოსფერო ჩამოწოლილა: კედლები სავსეა გასული საუკუნის ფოტოსურათებითა და წარწერებით, ძველებური ავეჯით და ერთგვარი მომაჯადოებელი უსაფრთხოებით.

სამწუხაროდ, მისტერ ჩარინგტონი და უინსტონის თანამშრომელი ო’ბრაიენი “აზრის პოლიციის” ჯაშუშები აღმოჩნდნენ და შეყვარებული წყვილი სიყვარულის სამინისტროში გააგზავნეს. სახელწოდების პარადოქსულად, ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, უდიდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიანს აყენებდნენ, შინაგანად ტეხდნენ, აკარგვინებდნენ ყველაზე ადამიანურ, ღირსეულ, ამაღლებულ გრძნობებს, გამოაფუტუროებდნენ და, საბოლოოდ, კლავდნენ, ან საკუთარ თავთან დამარცხებულს დარჩენილი სიცოცხლის დაღარულ-დასერილი სულიერებითა და დიდი ძმის სიყვარულით აღსავსეობით გატარების უფლებას აძლევდნენ. უინსტონის შემთხვევაში მეორე ვერსიამ გაამართლა. ო’ბრაიენმა მოახერხა და მის გულში ყველაზე სანუკვრად შენახული, გასხივოსნებული თილისმა, ჯულიას სიყვარული, დაამსხვრია. მან კაცი აიძულა ეღალატა სატრფოსათვის და მსხვერპლად გაეღო იგი საკუთარი თავის გადასარჩენად. უკან, გახრწნილ საზოგადოებასა და თითქოსდა “ნორმალურ” ცხოვრებას დაბრუნებული უინსტონი აანალიზებს, რომ მას დიდი ძმა უყვარს…

გარდა პარტიის მიერ განხორციელებული აშკარა, გამუდმებული კონტროლის და სისხლისმღვრელი რეპრესიებისა, აღსანიშნავია მათივე შემუშავებული ნელი, თუმცაღა შორს განჭვრეტილი პროცესი - ე.წ “ახალმეტყველების” (Newspeak) დამკვიდრება. ლინგვისტური დეტერმინიზმის თანახმად, ენა აზრების ქონისათვის აუცილებელი წინაპირობაა.“ახალმეტყველება” უმთავრეს მიზნად ისახავდა ინგლისური ენის ლექსიკონისა და გრამატიკის შევიწროებას, დამახინჯებას და პრიმიტიულ დონემდე დაყვანას. ამის მეშვეობით ახალი თაობების აზროვნებაში ინგსოცისსაწინააღმდეგო ნარატივის გამომხატველი ფორმები სრულად გაქრებოდა. თუკი ინგსოცსდაქვემდებარებულები ვერ შეძლებდნენ აჯანყების ვერბალიზებას, მაშინ ისინი ვერც მასზე იფიქრებდნენ. როგორც ორუელი რომანის დანართში აღნიშნავს, "ახალმეტყველება შექმნილია არა იმისთვის, რომ გააფართოოს, არამედ იმისთვის, რომ დაავიწროოს აზროვნების დიაპაზონი. ამ მიზანს ირიბად ლექსიკური მრავალფეროვნების მინიმუმამდე დაყვანა ეხმარება".

“1984” განმაცვიფრებელი, უძველებელი რომანია, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიჩენს ტოტალიტარიზმით გამოწვეულ ნგრევას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მანიპულაციის შედეგებს, ყოველგვარი ინფორმაციის, ტექნოლოგიის და, შესაბამისად, ისტორიისა და ადამიანთა გონების კონტროლით განპირობებულ სასტიკ რეგრესს, კონკრეტული პირის თაყვანისა და კერპად ქცევის თემებს.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.