ანარეკლი
English

პროზა

4 წუთი

"ლისაბონის ღამე" ერიხ მარია რემარკი

შინაარსი, ანალიზი

ქართული English

“ლისაბონის ღამე” ერიხ მარია რემარკის სულისშემძვრელი რეალურობითა და ოსტატური მხატვრულობით დატვირთული შემოქმედების ნაყოფია. ნაწარმოები კონკრეტული პიროვნების სახით უსამშობლოდ, უსიყვარულოდ, მარტოდმარტო და ბედის ანაბარად მიტოვებული ემიგრანტების უიმედო, განწირულ ყოფაზე მოგვითხრობს, რომელთათვისაც ადამიანური ურთიერთობების, თვითდამკვიდრების, საარსებო მინიმუმის მოპოვებისა და, ზოგადად, გადარჩენისათვის ბრძოლა ცხოვრებისეულ რუტინას წარმოადგენს. ეს ის დროა, როდესაც პასპორტებს, ვიზებს, ამა თუ იმ ტერიტორიაზე მუშაობის ან, თუნდაც, არსებობის ნებართვებსა და მრავალ სხვა უაზრო ქაღალდთა დახვავებას უპირატესობა ენიჭება ჰუმანიზმის, ამაღლებული გრძნობებისა და სულიერების წინაშე. დიახ, ეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდია - დრო, როდესაც მთელი ქვეყნიერება მცირე ნაპერწკლის მომლოდინე დენთის კასრადაა ქცეული და ამ უკანასკნელის გაჩენისთანავე ააფეთქებს ყველასა და ყველაფერს. ცეცხლის ალისფერი ენები და მხრჩოლავი კვამლი კი, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში ემიგრანტებს მისწვდება.

წიგნის სიუჟეტი ერთ-ერთი იმ ლტოლვილთაგანის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება, რომლის გაჩანაგებული სულიერი სამყარო საბედისწეროდ ერწყმის მსოფლიოში დატრიალებულ უბედურებას. ფალსიფიცირებული სახელითა და გვარით - იოზეფ შვარცად ცნობილი პიროვნება საკუთარ მეხსიერებას არ ენდობა და სურს ბოლო წლებში გადამხდარი თავგადასავლები (თუ მათ ასე შეიძლება ვუწოდოთ) სხვა ადამიანის გონებაში, გაუყალბებელი და შეუთითხნავი სახით შემოინახოს. ეს “პატივი” კი კიდევ ერთ უსახელო ემიგრანტის ხვდება წილად, რომლის აუხდენელ ოცნებას იმ ქვეყანაში გადასახლება წარმოადგენს, სადაც თავისუფლების, ღირსებისა და ადამიანობის ყვავილები ჯერ კიდევ ხარობს. ეს ამერიკაა. აუხდენელი-მეთქი, ვამბობ, ვინაიდან მასა და თავის ცოლს არც ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზები და არც გემის ბილეთები არ გააჩნიათ. საბედნიეროდ, მათ მხსნელად მოვლენილი შვარცი ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრასა და მთხრობელის გულის მოგებას სულ იოლად შეძლებს: გემის წყვილი ბილეთის, ამერიკის ვიზებისა და პასპორტების სანაცვლოდ, მას ერთი ღამით თავისი ცხოვრების ისტორიის მოსმენასა და გონებაში პირვანდელი სახით ჩაბეჭდვას მოსთხოვს. ეს უკანასკნელიც დასთანხმდება. დაე მკითხველის თვალწინ გადაიშლება საოცარი შეუპოვრობისა და ავბედითი ძრწოლის, უსაზღვრო სიყვარულისა და ამდენადვე ძლიერი სიძულვილის, საზარელი სისასტიკისა და სამაგალითო შეწყალების, უეცარი განდგომისა და არაჩვეულებრივი ერთგულების ამაღელვებელი სამყარო.

ყველაფერი იწყება იმით, რომ შვარცს გერმანიაში საკუთარი ცოლის ძმა, გახრწნილი ნაცისტი და ჰიტლერის ერთგული მიმდევარი, გეორგი დაასმენს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდევს. ბედნიერი შემთხვევის წყალობით იოზეფი ბანაკს თავს დააღწევს და საფრანგეთში გაიქცევა. სწორედ ამ დროიდან მიეცემა დასაბამი მის 5-წლიან უაზრო, აუტანელი შიშითა და ტერორით აღსავსე, უსაგნო ცხოვრებას, რომელსაც ცხოვრებას ვერც კი დავარქმევთ. ეს იყო უთავბოლო, უშინაარსო ხეტიალი ჩაბნელებულ ქუჩებში, ყოველ დილით გაღვიძება ძრწოლით, რომ გესტაპო თავს გადგას და სულმოუთმენლად ელის შენი ბედის გადაწყვეტას, თითოეული ნაბიჯის გათვლა რაიმეს ჩადენამდე და ურიცხვი მცდელობა, ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნოს არამხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება. ამ, მართლაც რომ, შემაძრწუნებელ წყვდიადში იმედის ნაპერწკალი ნამდვილი იოზეფ შვარცის სახით გამოჩნდება, რომელიც სიკვდილის წინ თავის პასპორტსა და სურათების კოლექციას მომავალ შვარცს გადაუბარებს. სწორედ ეს თავს მოულოდნელად მოხვეული ბედნიერების ოქროსფერი სიო გადაიქცევა იმ ძლიერ ქარიშხლად, კვლავ საკუთარ სამშობლოში, გერმანიაში, დაბრუნებასა და უზომოდ მონატრებული ცოლის, ჰელენის მონახულებას რომ უბიძგებს მას.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას თანდაყოლილ ურიცხვი დაბრკოლებისდა მიუხედავად, შვარცი გერმანიაში ჩააღწევს, ბავშვობის მეგობარს, ექიმ მარტენსს დაუკავშირდება და სთხოვს ჰელენის ამჟამინდელი ყოფის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის თავმოყრასა და თავისთვის ცნობებას. ცოტა ხანში, ცოლ-ქმარი ერთმანეთს გერმანიის ერთ-ერთ ტაძარში შეხვდება და თავიანთ ყოფილ სამყოფელს შეაფარებს თავს. და მაინც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გესტაპოს სახით მოსალოდნელი უდიდესი საფრთხის მიზეზით, ისინი ჯერ შვეიცარიაში, შემდგომ კი საფრანგეთში გადაიხვეწებიან. აქ დროებით თავშესაფარს პატარ-პატარა სასტუმროებში ჰპოვებენ, ცდილობენ, უგულებელყონ გარეთ ნამსხვრევებად ქცეული სამყაროს ცხოველქმედება და მზით განათებული ხეების ჩრდილქვეშ ფანტაზიისა და ბედნიერების პაწია კუნძულზე, სადაც ჯერ კიდევ ზუზუნებდნენ ფუტკრები და გვიანი ზაფხულის ოქროსფერი შუქი კიაფობს, ისევე ხარბად შესვან ხანმოკლე სიხარულის სასწაულმოქმედი წამალი, როგორი სიხარბითაც აქლემი ეწაფება წყალს უდაბნოში გასვლის წინ.

სამწუხაროდ, მოსალოდნელი უბედურების გარდაუვალობა სხარტად მიუსწრებს სხივმოსილ ბედნიერებასთან მცირეხნიან ზიარებას - შვარცს დააპატიმრებენ, შემდგომ კი ჰელენსაც მასთან ერთად დაამწყვდევენ საფრანგეთის სატუსაღოში. თითქოს ეს არასაკმარისი იყო, წყვილს შორის განშორების სასტიკი ეკლები იჩენს თავს - მათ ცალ-ცალკე საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნიან. შვარცს, ამ უბედურების ჟამს, საზარელი ეჭვიანობისა და მოუსვენრობის შხამით მოწამვლაც ემატება. თუმცა იგი მტანჯველი პირობებისდა მიუხედავად, კიდევ ერთხელ გამოიჩენს გონისმიერებას და ბანაკიდან გაიქცევა. მალევე აიღებს მეუღლის კვალს და სანამ კვლავ ხახაგაღებულ უფსკრულში გადაიჩეხებიან, საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაქროლდებიან. აქ თავს ჯერ სასახლეს შეაფარებენ, სადაც მოჩვენებითი უდარდელობითა და გამჭვირვალე ბედნიერებით რამდენიმე დღეს დაჰყოფენ, შემდგომ კი პანსიონში გადასახლდებიან. სამწუხაროდ, მალევე ჰელენის უკურნებელი სენი იჩენს თავს. ნათქვამია, ერთ უბედურებას მეორე მოჰყვებაო - ერთ დღეს შვარცს საკონსულოსთან ყოფნისას გეორგი წაასწრებს, დაიჭერს და აწამებს. სიტუაცია იმდენად გამწვავდება, რომ საქმე იოზეფის მიერ გეორგის მკვლელობამდე მივა. შემდეგ, შვარცი ამ უკანასკნელის ყოფილი მანქანითა და ახლად მოპოვებული ნაცისტური პასპორტით ჰელენთან ერთად ლისაბონში გაემგზავრება. (გზად ერთ პატარა ბიჭსაც გადაარჩენენ.) სამწუხაროდ, ეს ჰელენისათვის უკანასკნელი სამყოფელი აღმოჩნდება - ფიზიკური და სულიერი ტკივილებისაგან გატანჯული ქალი თავს მოიკლავს. ასე ტრაგიკულად სრულდება “იოზეფ შვარცის” გულისამაჩუყებელი ისტორია.

ერიხ მარია რემარკის ოსტატობა იმაშიც ვლინდება, რომ ამბის მოყოლისას შვარცი და მსმენელი იძულებულნი ხდებიან ერთი ბარიდან მეორეში რამდენჯერმე გადაინაცვლონ. ეს მეტაფორული გაცხადებაა, რომელიც მეტყველებს იმდროინდელი მსოფლიოს დაუდეგრობასა და ლტოლვილების ყოველდღიურობაზე - მუდმივი მოძრაობა, ცვლილება, გარდაქმნა და ტრანსფორმირება.

“ლისაბონის ღამე” საუცხოო ნაწარმოებია, რომელიც ადამიანობის, გრძნობების, სულიერებისა და ტრაგიზმის ფონზე თვალსაჩინოდ წარმოგვიჩენს ომის სისასტიკეს.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.