ანარეკლი
English

პროზა

3 წუთი

"ჯეინ ეარი" შარლოტ ბრონტე

შინაარსი

ქართული English

“ჯეინ ეარი” მე-19 საუკუნის ინგლისელი მწერლის, შარლოტ ბრონტეს მოღვაწეობის უზადო და სრულყოფილი ნაყოფია. სწორედ ამ გულისამაჩუყებელმა ნაწარმოებმა ამოუყენა გვერდში მწერალი მსოფლიო ლიტერატურის სახელმოხვეჭილ ოსტატებს. ამ წარმატების ძირითადი პირობები წიგნის მთავარი გმირის - ჯეინ ეარის დაუდგრომელი, მებრძოლი და მეამბოხე სული, ყმაწვილი ქალისა და სანდომიანი, მტკიცე ნებისყოფის, გამჭრიახი, სამართლიანი და გავლენიანი ბატონიშვილის - ედუარდ ფეარფაქს როჩესტერის სიწრფელითა და სიწმინდით გაჟღენთილი ჭეშმარიტი სიყვარული და ის ზოგადსაკაცობრიო თემებია, რომლებიც დღესდღეობითაც აქტუალურია.

ნაწარმოების დასაწყისში ჯეინი - გამჭრიახი გონება, სიდიადისა და სამართლიანობისადმი დაუოკებელი სურვილით აღჭურვილი სული, ბავშვის სუსტ სხეულში გამომწყვდეული - გარდაცვლილი ბიძის მდიდრულ სახლში ცხოვრობს, სისხლის გამყინავ, მკაცრ, სიტყვის გამტეხ ბიცოლასა და გაზულუქებულ ბიძაშვილებთან ერთად. მხოლოდ ამ ციდა გოგონამ შეძლო ნებიერი, მეპატრონის ფსიქოლოგიით წარწყმედილი ჯონისათვის წინააღმდეგობა გაეწია და უსამართლობას არ შეპუებოდა. ჯეინის ადრეული ასაკიდანვე ვლინდება მისი დაუცხრომელი ლტოლვა თანასწორუფლებიანობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი.

“არასათანადო” და “უმადური” ქცევის გამო ჯეინი ბიცოლამ საქველმოქმედო სასწავლებელ ლოვუდში მიაბარა. როგორც გარე სამყაროში, ასევე ხსენებულ სკოლაში, პატარა ჯეინი გამუდმებით ხვდებოდა უსამართლობას, მონური ფსიქოლოგიის ჩანერგვას, უმკაცრეს წესებსა და ერთი-მეორის დაჩაგვრას. მთელ სასწავლებელში ორად ორი ნათელი ფიგურა გამოიკვეთა - მის ტემპლი და ელენ ბერნსი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, მას გააჩნდა მიტევებისა და მოთმინების საოცარი უნარი. ამიტომაც არ მოსდიოდა გოგონაზე გული მკაცრ, გულქვა მის სკეჩერდს და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალი ბავშვის ჯალათად იქცა და ნაადრევად ჩაიყვანა საფლავში იგი.

სწავლის დამთავრების შემდგომ ჯეინი 2 წლით მასწავლებლად იწყებს მუშაობას, შემდეგ კი გამოქვეყნებული განცხადების წყალობით სამსახურს პოულობს აღმზრდელად, საკმაოდ მდიდარ ოჯახსა და დიდებულ მამულში - თორნფილდ-ჰოლში. წიგნის ცენტრალური ფიგურა სწორედ აღნიშნული მამულის მეპატრონე, მისტერ ედუარდ ფეარფაქს როჩესტერია. როჩესტერი ადრეული ასაკიდანვე დაუჩაგრავს ცხოვრებას, დაუბეჩავებია ბედს და სულგამწარებულ ყარიბად უქცევია. მრავალწლიანი გადასახლებიდან შინ დაბრუნებულმა სწორედ ჯეინში, ამ სპეტაკ, ცინცხალ და კეთილისმყოფ გოგონაში ჰპოვა შვება, გაცოცხლება და განახლება, მან დაუბრუნა უკეთესი დღეები, ამაღლებული სურვილები და წმინდა გრძნობები. აქედან იწყება წყვილის ჭეშმარიტზე უფრო ჭეშმარიტი, სანუკვარზე უფრო სანუკვარი სასიყვარულო ისტორია. სამწუხაროდ, მათ ბედნიერების გზაზე უამრავი დაბრკოლება ეღობებათ წინ: მისტერ როჩესტერის მაღალი საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი, ქარაფშუტა სტუმრები (ავტორი დაუნდობლად ამხელს კუდაბზიკა, ქედმაღალ არისტოკრატ ქალებს, რომელთა არსებობის ერთადერთი მიზანი საქმროს შერჩევაა), ჩვეულებებით თავმოხვეული წინააღმდეგობები და ედუარდის ჭკუიდან გადასული მეუღლე, რომელთანაც ბატონი ყმაწვილკაცობაშივე გაურიგებია ეგოისტ მამამისს.

ჯეინი გადაწყვეტს თორნფილდ-ჰოლისა და თავისი მეპატრონის მიტოვებას, რათა საკუთარი თვალით შეძლოს მსოფლიოს დანახვა და დამოუკიდებელი ცხოვრება. სამი დღის უქონლობის, სულისგამამწარებელი შიმშილისა და გულჩამთხრობელი ტანჯვის შემდეგ გოგონას მურ-ჰაუსში, რივერსების ოჯახი (სენტ-ჯონი, დაიანა, მერი და მათი მსახური - ჰანა) შეიფარებს. სენტ-ჯონის სახით წარმოგვიდგება ვაჟკაცური აღნაგობის, ცისფერთვალება, ფიზიკურად უნაკლო არსება, რომელსაც დიადი განზრახვა და უკეთილშობილესი მიზნები ამოძრავებს, თუმცაღა ამ მისწრაფებების აღსრულებისას ივიწყებს სხვა, უფრო “პატარა” ადამიანების ფიქრებსა და გრძნობებს, არ ინდობს არავის და ხშირად გამოუვალ სიტუაციაშიც მოაქცევს მათ. და მაინც, “მისი გონება ნათელია, გული - უდრეკი, იმედი - ეჭვგაურეველი, რწმენა კი - მტკიცე”.

სულ მალე ირკვევა, რომ რივერსების ოჯახი ჯეინ ეარის სისხლით მონათესავენი არიან. მათი ბიძის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა სრულად ჯეინის ძალაუფლებაში გადადის, თუმცა გოგონას დაუოკებელი სურვილით 20000 გირვანქა მასსა და თავის ახლად აღმოჩენილ ახლობლებს შორის თანაბრად ნაწილდება. საბოლოოდ ჯეინი დაუბრუნდება მისტერ როჩესტერს, რომელსაც ამასობაში მხედველობა დაუკარგავს, თუმცა წმინდა სიყვარულით შეყვარებული გოგონა ამას აინუნშიაც არ აგდებს და სატრფოს კიდევ უფრო მეტი მზრუნველობით ეპყრობა, ვიდრე წინათ. “ცოლად გავყევი, მკითხველო”…

“ჯეინ ეარი” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.