ანარეკლი
English

პოეზია

3 წუთი

"სანტიმენტალური ტრიოლეტი"

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,

შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.

ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

კომენტარი

გასაოცარი სიფაქიზითა და ჰარმონიით შეთხზული ლექსი “სანტიმენტალური ტრიოლეტი” ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედების ნაყოფია. ვალერიან გაფრინდაშვილი დაიბადა ქუთაისში 1890 წელს. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. თავიდან რუსულად წერდა და ქართულ პოეზიას თარგმნიდა. უშუალოდ მშობლიურ ენაზე წერა კი 1916 წელს დაიწყო. იგი სიმბოლისტ პოეტთა ლეგენდარული ჯგუფის “ცისფერი ყანწების ორდენის” წევრი გახლდათ. მისი შემოქმედება ავლენდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკურ და მხატვრულ მოტივებს.

“სანტიმენტალური ტრიოლეტი” რვა სტრიქონისგან შედგენილი ლექსია, რომელშიც პირველი, მეოთხე და მეშვიდე ტაეპები უცვლელად მეორდება. პოეზიის ეს ფორმა მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დამკვიდრდა.

ლექსი იწყება სიტყვებით: “ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა”. ამ შესავლით პოეტი გამოხატავს ლირიკული გმირის სულიერ მდგომარეობას: ტკივილს, მიუსაფრობასა და სევდას. იოლი წარმოსადგენია, თუ როგორი უსუსურია პაწაწინა, სათუთი ფრინველი გრძელ და მკაცრ ზამთარში. წელიწადის ამ დაუნდობელი დროის მარწუხებში მოქცეული ბეღურის სინაზე დიდ კონტრასტს ქმნის გაუსაძლის სიცივესა და გამყინვარებასთან. სწორედ სუსხსა და ულმობლობას დაუსადგურებია მის ცხოვრებაში. პოეტური ხედვის ამ ხატოვან სახეს ავტორი კიდევ ერთ შედარებას დაურთავს: “ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი”. ცნობილია, რომ ვერსალი სამეფო რეზიდენციაა საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში. შემოდგომაზე, უზარმაზარ, ბურუსით მოცულ სივრცეში განმარტოებით მდგარი თეთრი სასახლის ხილვა ერთგვარ უთვისტომობისა და ეულობის გრძნობას ბადებს. სწორედ ასეთი განცდების აზვირთებული ტალღების მსხვერპლია ლექსის ლირიკული გმირი.

მესამე სტრიქონში ფარდა ეხდება მთავარი გმირის სევდისა და გულჩათხრობილობის მიზეზს. “შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა” წერს პოეტი. მაშასადმე, სწორედ სატრფოსთან განშორებას მოუგვრია მისთვის ესოდენ გაუსაძლისი სევდა. “ესაფეხურა” ზედმიწევნით გამოხატავს ლირიკული გმირის გულისნადებს განადიდოს მიჯნური, ჩადგეს მის სამსახურში და მისთვის არა დაიშუროს რა. მახსენდება “ვეფხისტყაოსანი”, სადაც რაინდები თავიანთი სიყვარულის ჭეშმარიტებას სწორედ რომ საქმით ამტკიცებენ.

“მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი” ამბობს ვალერიან გაფრინდაშვილი. მონატრებისა და წუხილის გაუსაძლისი გრძნობა, ქცეული ცივი თოვლის საბნად, ლირიკულ გმირს არა თუ უამებს ჭრილობებს, არამედ აუარესებს მათ. იგი ტირის. ტირის დაუსრულებელი გლოვის გამო. გაჟღერდა ფრაზა “მარტოობით ნაალერსალი”. ერთი შეხედვით, ეს ორი, თითქოსდა, პარადოქსული, ურთიერთგამომრიცხავი სიტყვა ერთ წინადადებაში სრულიად შეუსაბამოა, თუმცა თუ ლექსი საერთო განცდას დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ იგი ერთდროულად ნაღვლიანიცაა და ამაღლებულიც. სევდა ადამიანის თვითჩაღრმავების პროცესია, რომელსაც არც თუ იშვიათად სიხარულის განცდაც დაერთვის. ამგვარი მსჯელობით, “მარტოობით ნაალერსალი” ძალზე მაღალი ოსტატობითა და ფილოსოფიური მსოფლმხედველობით შეკაზმული მეტაფორული გამონათქვამია.

მახსენდება ლექსი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ვალერიან გაფრინდაშვილის ამ შემოქმედების ნაყოფს. ეს გახლავთ ბესარიონ გაბაშვილის “ტანო ტატანო”. აქაც, სატრფოს მწარე მონატრებით გათანგული პოეტი საკუთარ თავს “მილეულ მთვარეს” ადარებს და მწუხარების ბასრი ბრჭყალებიდან თავის დაღწევას ამაოდ ცდილობს.

ვალერიან გაფრინდაშვილი “სანტიმენტალური ტრიოლეტით” გულწრფელად, ნაღვლიანად და, ამავდროულად, ამაღლებულად გვიხატავს სატრფოსგან განშორებით გამოწვეულ უსაშველო ტკივილსა და ჭეშმარიტი სიყვარულის უკვდავებას.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.