ანარეკლი
English

პროზა

6 წუთი

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ერიხ მარია რემარკი

შინაარსი, ანალიზი

ქართული English

ერიხ მარია რემარკი ზეაღმატებული ნიჭის მქონე კალმოსანზე ბევრად მეტია: ისაა სული, რომელსაც უგრძვნია, განუცდია და შეუმეცნებია; გონება, რომელმაც, საოცარი სიცხადითა და მწერლისათვის დამახასიათებელი მოკაზმული შირმით აღიქვა და შეისისხლხორცა როგორც ქვეყნიერების მანკიერიება, ისე ქარიზმა, ხინჯი და წარმტაცობა, ძალმომრეობა და ჰარმონია; ცნობიერება, რომელმაც შეძლო, რომ ცხოვრების განმავლობაში ფორმირებული მსოფლხედვა, სწავლება და ფილოსოფია თავის სწორუპოვარ წიგნებში ჩაექსოვა. ჩვენ კი იმის ბედნიერება გვხვდა წილად, რომ მისი შემოქმედების სიღრმისეულობას მივაგნოთ, გავეცნოთ და განვჭვრიტოთ. ეს უკანასკნელი არა ფურცელზე დაბეჭდილ სიტყვათა უსულგულო დახვავება, არამედ ჰუმანიზმითა და კეთილგონიერებით გაჟღენთილი სულისმიერი ქმნილებაა, წარსულის გამოძახილი, რომელიც კაცობრიობის შვილებს გვაერთიანებს და ერთურთთან გვაკავშირებს. ამ დახასიათებას არაჩვეულებრივად მიესადაგება რემარკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და, ამავდროულად, სულისშემძვრელი ნამუშევარი: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”.

ნაწარმოები ანტიმილიტარისტულია, მაშასადამე ფოკუსირებას ახდენს ომის საშინელებაზე, მის ამაოებასა და უაზრობაზე, უკიდურესი ძნელბედობის ჟამს ირგვლივ გამეფებულ სასტიკ უიმედობასა და სასოწარკვეთილებაზე, ადამიანების - ცოცხალი, მსუნთქავი და თბილსისხლიანი არსებების - ჯერ ინსტინქტებით მართულ ცხოველებად, შემდგომ კი საღი აზრისაგან დაცლილ ფიტულებად ქცევაზე, ტანჯვას, სისხლისღვრასა და სიკვდილზე. მთხრობელი ახალგაზრდა ყმაწვილკაცი პაულ ბოიმერია, რომელიც საკუთარი მასწავლებლებისა და განათლების სისტემის მიერ თავსმოხვეული ომის რომანტიზირებული სურათებით, პროპაგანდისტული მოძრაობებითა და პატრიოტიზმის მცდარი განმარტებით გონებადაბინდული, თავის თანაკლასელებთან ერთად ე.წ “სასაკლაოში” მიემგზავრება. ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, ის-ის იყო, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ, როგორ შეეგრძნოთ თავიანთი ახალგაზრდული სულით სიცოცხლის მშვენიერება მთელი მისი დიდებულებით...მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული აგიტაციის ზეგავლენით, ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს. უფროსი ადამიანების “დიადი” სწავლებანი სიკეთესა და ამაღლებულ სულზე, კეთილსათნოებასა და ერთგულებაზე, პატრიოტიზმსა და წესიერებაზე, ფრონტის წინა ხაზზე მოხვედრისთანავე გაქარწყლდა, ნდობის ქოთანი დაიმსხვრა, მასში განთავსებული ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის ყვავილები კი ველური ინსტინქტების ეკლებმა ჩაანაცვლა. ამ საბრალო ჯარისკაცების ცნობიერებაში ბავშვურობამ, ლმობიერებამ და გულმოწყალებამ უკანა საფეხურზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი გულქვაობას, დაუნდობლობასა და თავის გადარჩენის ველურ, პრიმიტიულ განცდას დაუთმო. ადრინდელი ლაღი და უდარდელი ცხოვრება საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. დაიწყო დეჰუმანიზაცია, ბიჭები გადაგვარდნენ.

თხრობა იწყება მაშინ, როდესაც ახალგაზრდების გუნდი ფრონტის წინა ხაზიდან უკან, ბარაკებში ბრუნდება. ისინი წმ. იოზეფის ლაზარეთში მალევე სტუმრობენ თავიანთ მეგობარს, ქემერიხს, რომელსაც ბრძოლისას მიყენებული ჭრილობის გამო, ფეხის ამპუტაცია მოუხდა. ყმაწვილის მდგომარეობა უიმედოა, იგი დღითიდღე სუსტდება, ხმა ეფერფლება, თითქოს მის კანქვეშ სიცოცხლე აღარ ფეთქავს და შიგნით სიკვდილის მანქანა მუშაობს. ამის შემხედვარე, მიულერი მას ჩექმების მითვისებას სთხოვს. აღნიშნული მომენტი მკაფიოდ წარმოაჩენს ბიჭების ინდიფერენტულობას მომხდარი მოვლენების მიმართ, რაც, თავის მხრივ, ომის ყოველდღიურობასთან შეგუებითაა გამოწვეული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უგულოები არიან, არა, უბრალოდ იმ მომენტისთვის ეს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო. აპათიის გამომჟღავნება ხდება საავადმყოფოში მომუშავეების მხრიდანაც გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ - მათთვის ქემერიხი ერთი რიგითი ნომერია, რომლის სიკვდილის შემდეგ აქცენტი არა მისი სხეულის ადამიანურად განსვენებაზე, არამედ სხვა პაციენტისათვის ადგილის გათავისუფლებაზე კეთდება.

საბრალო ჯარისკაცებს მალევე უწევთ ფრონტზე დაბრუნება. ეს მათთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრავმატული და სისხლისმღვრელი პერიოდი ხდება. დაჭრილი ცხენების ავისმომასწავებელი ყვირილი, მომაკვდავთა გულგამგმირავი კვნესა და სისხლით მოსვრილი საზარელი ლანდშაფტი მათ აგონიაში აგდებს. შემდგომ ბიჭებს რამდენიმე დღით არხში დასვენების საშუალებას აძლევენ, პაულს კი შვებულებაში აგზავნიან. ეს უკანასკნელი, ოჯახთან დაბრუნებისას შემზარავ გაუცხოებას გრძნობს - ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის შემდეგ სამოქალაქო პირთა ცხოვრება თვალწინ ძალზე უსაგნო, უშინაარსო და არაფრისმომცემი არსებობის სახით წარმოუდგება. ამას გარდა, იგი შეიტყობს, რომ დედამისი სიმსივნით იტანჯება. პაული თავის ადგილს ვერც საკუთარ ბავშვობის ოთახში, და ვერც გარე სამყაროში პოულობს, საბოლოოდ კი ოცნებობს, რომ შინ საერთოდაც არ დაბრუნებულიყო.

კვლავ ფრონტზე დაბრუნებამდე, პაული ოთხკვირიან წვრთანს გადის ერთ-ერთ ყაზარმაში, რომლის მოპირდაპირედ გაოხრებული, გაჩანაგებული და წამხდარი რუსი ტყვეების ბანაკია განთავსებული. რუსები იმდენად ახალგაზრდები, დამშეულები და გასაცოდავებულები არიან, რომ პაულის სული მათ მიმართ ემპათიის პაწაწინა ყვავილებით იფარება. “ეს წყნარი არსებები ვიღაცის ბრძანებამ ჩვენს მტრებად აქცია. სხვა ბრძანებას შეეძლო ისინი ჩვენს მეგობრებად გადაექცია. ჩვენთვის უცნობი რამდენიმე ადამიანი სადღაც მაგიდასთან ჯდება და ხელს აწერს დოკუმენტს, და აი, წლების განმავლობაში ჩვენს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ის, რაც, ჩვეულებრივ ადამიანთა მოდგმის ზიზღს იწვევს და უმაღლეს სასჯელს იმსახურებს. რომელ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს მტერი ამ ბავშვური სახეების მქონე წყნარ არსებებში მოციქულების წვერით. ნებისმიერი უფროსი მასწავლებელი მოსწავლისათვის უარესი მტერია, ვიდრე ისინი ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, თავისუფლები რომ იყვნენ, ჩვენ მათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვესროდით, ისინი კი - ჩვენ.” - აცხადებს მთხრობელი.

ომში დაბრუნებისთანავე პაული, თავისი შვებულების გამო, მეგობრების წინაშე თავს უხერხულად გრძნობს, ამიტომ ფრონტზე ყოფნისას, გადაწყვეტს საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღებას და მტრის განლაგების დაზვერვას. სამწუხაროდ, ყმაწვილს ცუდი დღე ელის: დავალების შესრულების დროს მოწინააღმდეგე პირდაპირ შეტევას ახორციელებს გერმანელებზე. იწყება ტყვიამფრქვევების დაუსრულებელი კაკანი, ჭურვების სტვენა და აფეთქებების თავზარდამცემი ექოს ბუნებაზე გაბატონება, რომელთაც თან ერთვის ადამიანების გულის გამაწვრილებელი ყვირილი და კვნესა. პაული იძულებული ხდება ერთ-ერთ ორმოს შეაფაროს თავი და მანამ დარჩეს იქ, სანამ იერიშის მოგერიება მოხდება. მოულოდნელად, იმავე ორმოში ხტება ერთი ფრანგი ჯარისკაცი. შიშისა და თავის გადარჩენის ცხოველური ინსტინქტით შეპყრობილი პაული ამ უკანასკნელს გულის არეში დაუფიქრებლად აყენებს ჭრილობას. მხოლოდ მაშინ, როდესაც მომაკვდავის ქისაში ოჯახის საგულდაგულოდ შენახულ სურათებს აღმოაჩენს და მასთან ერთად გამთენიამდე დარჩენა უხდება, აანალიზებს იგი თავისი ამაზრზენი ქმედების სიმწვავეს და ცდილობს, გადაარჩინოს მსხვერპლი - ჭრილობას უხვევს, წყალს აწვდის და შეძლებისდაგვარად ამშვიდებს. თუმცა, იმედს დიდი ხნის წინ შეუსხამს ფრთები და თვალუწვდენელ სიმაღლეზე აფრენილა. კაცის სიკვდილი გარდაუვალია. ამჯერადაც აუჯაგრავს პაულს შიში ბალანს, თუმცა ეს ის გააფთრებული შიში არაა, რომელიც ადამიანს ჭკუიდან გადაიყვანს და ყოველგვარ მორალურსა და ფასეულზე ხელს ააღებინებს. ეს უკიდეგანო სევდითა და ამოუწურავი სინანულით შეზავებული ყოვლისმომცველი შიშია, რომლის განცდაც მხოლოდ ადამიანს ძალუძს. თანამგრძნობ, შემწყნარებელ ადამიანს, და არა თავგზააბნეულ ცხოველს. ამ კოშმარის შემდეგ პაული მშვიდობიანად ბრუნდება სანგრებში.

ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდებს ერთ-ერთ სოფელში აგზავნიან საყარაულო სამსახურის შესასრულებლად. აქ განიცდიან ისინი მცირეხნიან ბედნიერებას და ამჟღავნებენ თავიანთ ბავშვურობას - ეს ხომ ის ფერად-ფერადი, ფრთაშესხმული ოცნებაა, რომელიც ნაადრევად წაჰგლიჯეს ხელიდან, ჯერ კიდევ პატიოსნები და უმანკოები შეუბრალებლად გაყარეს სასაკლაოზე, საბოლოოდ დაასვეს დაღი მათი განვითარებისა და წინსვლის გზას; ეს ხომ დაკარგული თაობაა… მოგვიანებით ბიჭები სხვა სოფელში გადადიან, სადაც სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ ევაკუაცია ევალებათ. სამწუხაროდ, აქაც მოუსწრებთ ტყვიების წვიმა, რასაც პაულისა და კროპის დაზარალება მოჰყვება. ისინი ერთმანეთთან დაშორების სასტიკი წინააღმდეგნი არიან, ამიტომაც მატარებელშიც და ლაზარეთშიც ერთი-მეორის გვერდიგვერდ იმყოფებიან. ალბერტს ფეხის ამპუტაციას უკეთებენ, რაც სრულიად ანადგურებს მის ფსიქოლოგიურ მდომარეობას. პაული გამოჯანმრთელდება და კვლავ ფრონტის წინა ხაზზე ბრუნდება. აქ კი ნამდვილი კოშმარი ხვდება. მისი მეგობრები სათითაოდ იღუპებიან. მათგან ყველაზე ძლიერსა და გამოცდილს, სტანისლავ კაჩინსკისაც კი ხვდება ტყვია. მიუხედავად პაულის თავდადებული მცდელობისა, გადაარჩინოს ამხანაგი, ეს ვერ ხერხდება. ამგვარად, ფიზიკურად და მორალურად გაცამტვერებული ყმაწვილი მარტოდმარტო რჩება. ნაწარმოების ბოლოს, თხრობა მესამე პირში ინაცვლებს და ავტორი იტყობინება, რომ პაული ომის დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე გარდაიცვლება. ეს კი იმდენად ჩუმ და მშვიდ დღეს ხდება, როდესაც ფრონტიდან ცნობა ერთადერთი წინადადებით შემოიფარგლება: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”.

“მიწაზე სახით იყო დაცემული და მძინარესავით იწვა. როდესაც გადმოაბრუნეს, დაინახეს, რომ, წესით, დიდხანს არ უნდა ეწვალა. სახეზე ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კმაყოფილიც კი იყო იმით, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა”.

“დასავლეთის ფრონტი უცვლელია” ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ყველა ადამიანმა. რემარკის უნარი, საოცარი სიცხადითა და განუმეორებელი მხატვრულობით დაგვიხატოს სულისშემძვრელი ამბავი, ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს.

დისკუსია

კომენტარები საერთოა ორივე ენისთვის. დაწერეთ ქართულად ან ინგლისურად.